ჩრდილოატლანტიკური საბჭო მკაცრად გმობს მინსკის მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებას
ჩრდილოატლანტიკური საბჭო მკაცრად გმობს მინსკის მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებას

ჩრდილოატლანტიკური საბჭო მკაცრად გმობს მინსკის მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩისა და მისი თანმხლები სოფია საპეგას დაკავების ფაქტს.

ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

საბჭო მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუგელოს დაკავებული პროტასევიჩი და საპეგა.

„ბელარუსის ქმედებები არის მიუღებელი და წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის ნორმების უხეშ დარღვევას, რამაც საფრთხე შეუქმნა „რაინეარის“ მგზავრებსა და ეკიპაჟს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოწოდებებს, რომ მომხდარი ინციდენტი დაუყოვნებლივ იყოს გამოძიებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ნატო-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, პატივის სცეს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, დაემორჩილოს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის და მისი თანმხლები პირი სოფია საპეგა სამართალდამცველებმა დააკავეს. თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.

მომხდარის გამო ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდა. ამასთან, ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიას ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალება, ხოლო ევროპულ ავიაკომპანიებს მოუწოდეს, მოერიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას.