ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

ნატო ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს გამართული საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრაში ნატოს 30-ვე წევრი ქვეყნის ელჩი მონაწილეობდა.

„რუსეთის მთავრობამ სრულად უნდა ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, რათა მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ნატო-ს სხდომაზე გერმანიის წარმომადგენელმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ექსპერტიზის შედეგების შესახებ, რომელიც გერმანიის თავდაცვის უწყების ლაბორატორიაში ჩაატარეს.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნივთიერებით მოწამლეს.

„ასეთი იარაღის გამოყენება საშინელებაა. ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ დღეს ერთხმად დაგმო ეს თავდასხმა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთს სერიოზულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, გაუმხილოს „ნოვიჩოკის“ წარმოების პროგრამის დეტალები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. მისვე თქმით, ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მთავრობის კრიტიკოსებს ასეთი მეთოდით ესხმიან თავს.

„ეს ერთ ადამიანზე თავდასხმა არ არის, ეს არის თავდასხმა დემოკრატიულ უფლებებზე. ეს ასევე არის საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რომელსაც საერთაშორისო პასუხი სჭირდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.