ჭოუ ციენი - არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი უილსონი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, არ ვართ დაინტერესებული მისი კომენტარებით
ჭოუ ციენი - არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი უილსონი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, არ ვართ დაინტერესებული მისი კომენტარებით

არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი უილსონი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, არ ვართ დაინტერესებული მისი კომენტარებით, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჭოუ ციენის თქმით, საქართველო-ჩინეთის მეგობრობა, თანამშრომლობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე.

„გულწრფელად გითხრათ, არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით. ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და საქართველოსთან ურთიერთობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე. არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.

კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.