ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის საქმეზე პროკურატურაში ჩორჩანის მკვიდრი არჩილ ლომიძე გამოკითხეს

15:05, 17.06.2025

სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნამ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დააზარალა, – ამის შესახებ ჩარჩანის მკვიდრმა, არჩილ ლომიძემ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 2019 წელს საგუშაგოს გახნის შემდეგ დაიკარგა სოფლის 120 ჰექტარი ტყე.

„ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმამ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დააზარალა, ძალიან დავზარალდით. ჩვენს და ოსურ დასახლებას შორის გადიოდა მდინარე, რომლის ზემოთ იყო სოფლის ტყე. საგუშაგოს ჩადგმამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, ჩავდიოდით მდინარემდე, ხმას არავინ არ გვცემდა. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ რუსები ამოვიდნენ, 1,5 კილომეტრით ზემოთ ამოიწიეს და დაარჭვეს თავიანთი დროშები, ახლა პოსტიც აქვთ ჩადგმული, საგუშაგო. 120 ჰექტარი ტყე, ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე დავკარგეთ. ეს იყო იმ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ. ჩვენი მოსახლეობა ხაშურისა და საჩხერის საზღვარზე ჯონჯოლის საკრეფად დადიოდა, ზემოთ ოსური სოფლებია და იმ საზღვართან მიახლოებულებს ზოგჯერ წაიყვანდნენ ხოლმე. უშუალოდ ჩვენი სოფლიდან და მაგათი ე.წ. საზღვრიდან არასდროს არავინ გადაუყვანიათ. ვერ ვუახლოვდებით. ოფიციალურად 1,5 კილომეტრი ხომ ამოვიდნენ და ერთი კილომეტრით კიდევ, ზემოთ ვერ ვუახლოვდებით, საშიშია“, – განაცხადა არჩილ ლომიძემ.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი