ჩორჩანას მოსახლეობა ადგილობრივი მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს
ჩორჩანას მოსახლეობა ადგილობრივი მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მოსახლეობა ადგილობრივი მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სოფელთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ულტიმატუმის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

ადგილობრივების თქმით, მათთან ინფორმაციის მისაწოდებლად არავინ ჩასულა.

ამასთან, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელთან განვითარებული მოვლენებით შეშინებული არიან.

„მედიიდან არ უნდა ვიგებდეთ ჩვენს თავს რა ხდება. გვინდა, გაგვარკვიონ არსებულ სიტუაციაში, რომ მშვიდად ვიყოთ, მეტი არაფერი. ჩვენ არავინ არაფერი გვითხრა, ტელევიზორიდან გავიგეთ ეს ამბები. აქამდე არ მოსულა ადგილობრივი ხელისუფლება. ერთადერთი შემდეგ ჩვენს პოლიციელებს ვკითხეთ რა ხდებოდა, გვიპასუხეს, რომ სიმშვიდეა, სხვა არაფერი“, – განაცხადა ჩორჩანას მცხოვრებმა მანანა გოგნაძემ.

ამასთან, დღეს მოსახლეობასთან შესახვედრად სოფელში შიდა ქართლში სახელმწიფოს რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე მივიდნენ. ნოზაძის თქმით, გადაწყვიტა, ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გასაუბრებოდა მოსახლეობას.

„შეხვედრის მონაწილეებიც და ჩვენც დილიდან ჩამოსული ვართ. დაველოდე, შეხვედრის შედეგი რა იქნებოდა. ასევე მქონდა კომუნიკაცია აღნიშნული სოფლის დეპუტატთან და ვუთხარი, რომ როგორც კი დამთავრდებოდა შეხვედრა, ამოვიდოდი სოფელთან შესახვედრად და ამოვედი კიდეც. მათ ვუთხარი, რომ სახელმწიფო ყველა ზომებს იღებს, რათა სიწყნარე იყოს. სოფელში არის კიდეც სიწყნარე. უბრალოდ, რამდენიმე ადამიანი გაღიზიანებულია და ემოციურ ფონზე საუბრობენ. განსაკუთრებით, როცა ჟურნალისტები დაინახეს. აქ ვსაუბრობთ ძალიან საქმიანად და მე სოფლის პრობლემებსაც ვეცნობი, რა არის გასაკეთებელი სოფლისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ.

სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ ქართული პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მოითხოვეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ადგილზე განაცხადა, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება და ის ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ.

ამასთან, დღეს სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგნლებთან ერთად მონაწილეობდნენ ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აგრეთვე, ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.  როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ვითარების დეესკალაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. შემდეგი კვირის დასაწყისში ერგნეთში კიდევ ერთ ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო  თავის ადგილზე რჩება.