ჩორჩანას მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი - ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს გახსნის შემდეგ წაღვლის ტერიტორიაზე რუსებმა გააკეთეს საგუშაგო, წაიღეს ტყე, მანამდე მდინარის გამოღმა არასდროს გადმოსულან
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩორჩანას მკვიდრს, ელგუჯა ხარაზიშვილს მოუსმინეს.
კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ელგუჯა ხარაზიშვილს ჰკითხა, რა დანიშნულება აქვს აღნიშნულ საგუშაგოს და უზრუნველყოფს თუ არა ის უსაფრთხოებას ან უსაფრთხოების პრევენციას, რაზეც ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს არანაირი დანიშნულება არ აქვს.
„ქართულ საგუშაგოს არანაირი დანიშნულება არ აქვს“, – განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.
ამასთან, როგორ ელგუჯა ხარაზიშვილმა აღნიშნა, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის შემდეგ სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ რუსები და მათაც გააკეთეს საგუშაგო, წაიღეს სოფლის ტყე.
„გაიხსნა თუ არა საგუშაგო, ცოტა ხნის გასვლის შემდეგ სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ რუსები და გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელი წაღვლის ტყე. დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი შემოვიდნენ. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით. რუსების საგუშაგო რომ გაკეთდა, ტერიტორია შემოიღობა მავთულხლართებით. სოფელში ჩამოდის მდინარე. მანამდე ისინი მდინარის გამოღმა არასდროს გადმოსულან, მაგრამ ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, შემოიწიეს კილომეტრ-ნახევრით, ის მდინარეც გადმოლახეს. მანამდე სოფელი იმ ტყით ვსარგებლობდით, შეშა იქიდან გამოგვქონდა, ჯონჯოლზე დავდიოდით, პირუტყვი დაგვყავდა. ახალა ვერანაირად ვეღარ შევდივართ. ერთ მწყემსს რუსმა „სალდატმა“ ისიც კი უთხრა, 200 მეტრზე ახლოს არ მოხვიდე, თორემ გესვრიო“, – განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.