ჩოხატაურში კომპანია „წყალი მარგებელის” თანამშრომლები შრომის პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ
ჩოხატაურში კომპანია „წყალი მარგებელის” თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები ანაზღაურების გაზრდას, რვასაათიან სამუშაო დროს და ზეგანაკვეთური შრომის სათანადო ანაზღაურებას ითხოვენ.
გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება, როგორც საათობრივი, ისე ზეგანაკვეთური ანაზღაურება კი მეტისმეტად დაბალია.
„ხელფასების მომატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ადეკვატური ანაზღაურება – ეს ჩვენი მთავარი მოთხოვნებია. საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. უკან დახევას არ ვაპირებთ“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
კომპანია „წყალი მარგებელის“ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მათთვის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები წინასწარ ცნობილი არ იყო და სამუშაო პროცესი მათ მოულოდნელად შეწყვიტეს. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები განიხილება და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.