ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა [ფოტო]
ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა.

ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.

„ჩემო თანამემამულეებო, მინდა, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე, სახელმწიფო დროშის დღე. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე გურიიდან, რამეთუ გურია არის ის მხარე, რომელმაც პირველმა გამოაცხადა თავის დროზე დამოუკიდებლობა. ასე რომ, ერთგვარი სიმბოლოა, გურიიდან მოგილოცოთ დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან და მთელ ქვეყანაში ჩვენს ჯარისკაცებს, ასევე მათ, ვინც არიან საზღვრებს გარეთ და სამშვიდობო მისიებშიც წარმოადგენენ საქართველოს, საქართველოს დროშის ქვეშ დგანან. ჩვენი დროშა ეს არის პირველ რიგში სიმბოლო სახელმწიფოსი, მისი ერთიანობის, ეს არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის. ამიტომ ავირჩიეთ ამ წელს ეს ისტორიული ადგილი, ერისთავების ციხე-სიმაგრე, რათა აქ აღგვემართა დროშა. ვაპირებ, ყოველ წელს სხვადასხვა მხარეში, სხვადასხვა რეგიონში ჩავიდეთ ამ დღეს, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო დროშა ყველას  გვაერთიანებს. ერთიანობის ნიშანი ჩვენი დროშის შუაგულშია – მთავარი ჯვარი არის ერთიანობის ჯვარი. ამ დროშაზე დატანილია ყველაფერი, რაც არის საქართველო, მისი ქრისტიანობა, მისი წარსული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშა. ამ დროშით ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, ჩვენ ევროპაში უკვე ვრთ“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.