ჩოხატაურში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
ჩოხატაურში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ჩოხატაურში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და ყველა პირობა ექნებათ შექმნილი – თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახები, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით. ჩოხატაურის ახალ სახანძრო-სამაშველო შენობაში მოწყობილია ოთხ ავტომობილზე გათვლილი სადგომი. განყოფილება უზრუნველყოფილია სარეზერვო წყლის სისტემით, ეზოში განთავსებულია სპეციალური სავარჯიშო კოშკურა.

ახალ შენობაში სულ 18 თანამშრომელი იმუშავებს. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის გარდა, ჩოხატაურის განყოფილებაში განთავსდება სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის რეგიონებში სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაწყებულია სახანძრო სამაშველო შენობის მშენებლობა კასპში და ხულოში, რომელიც 2022 წელს დასრულდება“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.