ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ძლიერმა ქარმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა ჩოხატაურს.

სოფელ კოხნარში რამდენიმე კერძო სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. სოფელ ჯვარცხმაში კი ადმინისტრაციული შენობის სახურავი სანახევროდაა გადახდილი.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ორი სოფელი – ზომლეთი და ხიდისთავი.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. მისივე ინფორმაციით, მერიის სამსახურები სტიქიის ადგილებში იმყოფებიან და იქ არსებულ ვითარებას სწავლობენ.

სტიქიისაგან ზარალი მიადგა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსაც. სახურავის გარეშეა დარჩენილი როგორც მრავალბინიანი, ისე რამდენიმე კერძო სახლი.

მოგლეჯილია ხეები, ელექტრობოძები. პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც.

„სპეციალური კომისია ზარალის ოდენობის განსაზღვრას ხვალიდან შეუდგება. ამჟამად მერიის სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში იმყოფებიან“, – აცხადებენ ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში.

დატოვე კომენტარი