ჩოხატაურის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების აქცია მეოთხე დღეა, გრძელდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების აქცია მეოთხე დღეა, გრძელდება.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.
გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 24 საათის, ზოგჯერ კი 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება.
აქციას მხარდაჭერას უცხადებს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელიც „წყალი მარგებელის“ ადმინისტრაციას თანამშრომლეთა მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
მისი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კომპანია ფუჭი დაპირებებით ცდილობს სამუშაო პროცესის აღდგენას.