ჩოხატაურის ბაზარში სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს, ბაზრის მუშაობაზე გადაწყვეტილებას სააგენტო ხვალ მიიღებს
ჩოხატაურის ბაზარში სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს, ბაზრის მუშაობაზე გადაწყვეტილებას სააგენტო ხვალ მიიღებს

ჩოხატაურში აგრარული ბაზრი კვლავ დაკეტილია, თუმცა ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად, ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ბაზრის მუშაობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ხვალ, მას შემდეგ მიიღებენ, რაც ვითარებას ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნობიან.

„სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტერიტორია დახაზულია სოციალური დისტანციისთვის, შეძენილია თერმომეტრი თერმოსკრინინგისთვის, თანამშრომლები აღჭურვილი არიან დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით. ბაზარში შესვლა და გამოსვლა განხორციელდება სხვადასხვა ლოკაციიდან. საბოლოო გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, აგრარული ბაზრის კიდევ ერთხელ მონახულების შემდეგ, ხვალ მიიღებენ“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, ამ დროისთვის ჩოხატაურში თვითიზოლაციაში ექვსი პირი იმყოფება. ასევე, სოციალურად დაუცველი პირებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს.