ჩოგბურთი | უიმბლდონს ახალი ჩემპიონები ჰყავს - კარლოს ალკარასი და მარკეტა ვონდროუშოვა #1TVSPORT
ჩოგბურთი | უიმბლდონს ახალი ჩემპიონები ჰყავს - კარლოს ალკარასი და მარკეტა ვონდროუშოვა #1TVSPORT

უიმბლდონს ახალი ჩემპიონი ჰყავს. 20 წლის კარლოს ალკარასმა, რომელსაც ბალახის კორტებზე მხოლოდ 17 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ოთხი საათისა და 45 წუთი ბრძოლის შემდეგ ხუთ სეტში მოუგო ამ ტურნირის შვიდგზის ჩემპიონს, ნოვაკ ჯოკოვიჩს – 1:6, 7:6(6), 6:1, 3:6, 6:4.

ფინალის სტარტი ჯოკოვიჩს თითქმის იდეალური გამოუვიდა და ორი ბრეიკით აიღო პირველი სეტი – 6:1. აქამდე უიმბლდონის ისტორიაში მხოლოდ ერთმა ჩოგბურთელმა შეძლო გადამწყვეტი მატჩის მოგება, როცა საწყისი პარტია 1:6 წააგო. ეს იყო შვედი ბიორნ ბორგი, რომელმაც 1980 წელს ამერიკელი ჯონ მაკინროი დაამარცხა – 1:6, 7:5, 6:3, 6:7(16), 8:6.

მეორე სეტიდან თამაში გათანაბრდა – ალკარასი ბრეიკით დაწინაურდა, ჯოკოვიჩმა უკუბრეიკი შეასრულა და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც სერბმა სეტბოლი ვერ გამოიყენა, ესპანელმა კი ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. მესამე სეტი კი მთლიანად ალკარასის იყო, რომელმაც ორი ბრეიკპოინტი მოიგერია და სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ალკარასმა მეოთხე სეტიც კინაღამ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მეორე გეიმში ორი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ ჯოკოვიჩმა სრული უპირატესობა მოიპოვა და ორმაგი ბრეიკით სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მეხუთე გადამწყვეტ სეტში ყველაფერი მესამე გეიმში გადაწყდა, როცა ალკარასმა ნოვაკის მოწოდება აიღო და ბრეიკით დაწინაურდა. ამის შემდეგ ესპანელმა აქცენტი საკუთარი გეიმების შენარჩუნებაზე გადაიტანა და ეს კარგად გამოუვიდა – ჯოკოვიჩი ალკარასის მოწოდებაზე უშანსოდ იყო და ერთხელაც ვერ მივიდა „თანაბარ“ ანგარიშამდე.


ფაქტები


* ალკარასმადიდი სლემისმეორე ტიტული მოიგო, უიმბლდონზე კი პირველად გაიმარჯვა.

* ჯოკოვიჩმა პირველად წააგო უიმბლდონზე მატჩი, რომელშიც პირველი სეტი მოიგო. მანამდე იყო 78 მოგება და 0 მარცხი.

* შეწყდა ჯოკოვიჩის 27-მატჩიანი მოგებების სერიადიდი სლემისტურნირებზე – 2021 წელს აშშის ღიას ფინალის წაგების შემდეგ, სერბმა ზედიზედ სამი ტიტული აიღო.

* ალკარასი 2018 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელია, ვინც ჯოკოვიჩი ბალახზე დაამარცხასერბს ამ საფარზე ზედიზედ 34 მატჩი ჰქონდა მოგებული.

* ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე პირველად წააგო 2013 წლის შემდეგ, მთლიანად ტურნირზე კი პირველად დამარცხდა 2017 წლის შემდეგ.

* პირველად ბოლო 20 წელიწადში უიმბლდონი მოიგო არადიდი ოთხეულისწევრმა. 2003 წლიდან მოყოლებული, ალკარასამდე აქ იმარჯვებდნენ: როჯერ ფედერერი (2003-2007, 2009, 2012, 2017), რაფაელ ნადალი (2008, 2010), ნოვაკ ჯოკოვიჩი (2011, 2014-2015, 2018-2019, 2021-2022) და ენდი მარეი (2013, 2016).

ახალი ჩემპიონი ჰყავს უიმბლდონს ქალებს შორისაც. ჩეხმა მარკეტა ვონდროუშოვამ ფინალში საათსა და 22 წუთში დაამარცხა ტუნისელი ონს ჟაბორი – 6:4, 6:4 და ისტორიაში მესამე ჩეხი ქალი გახდა, ვინც „დიდი სლემის“ ამ ტურნირზე გაიმარჯვა.

ჟაბორმა ზედიზედ მეორედ დათმო უიმბლდონის ფინალი. შარშან მან ყაზახ ელენა რიბაკინასთან წააგო სამ სეტში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეტი მოიგო. ჟაბორს ახლაც ჰქონდა ტიტულის მოპოვების შანსი – პირველ სეტში 4:2-ს იგებდა და შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო, მეორე სეტშიც წინ იყო ბრეიკით, მაგრამ ვერც მეორე ჯერზე შეინარჩუნა უპირატესობა.

ვონდროუშოვას ბრეიკპოინტების რეალიზაციის ძალიან მაღალი პროცენტი ჰქონდა – შვიდიდან ექვსი. ჟაბორმა უფრო მეტი ბრეიკპოინტი მიიღო, მაგრამ 10 ასეთი შანსიდან მხოლოდ ოთხი გამოიყენა.

მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა, ვონდროუშოვამ მეორედ ითამაშა „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში და პირველი ტიტული მოიგო. 2019 წელს მას ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ მოუგო როლან გაროსის ფინალი.

ამ გამარჯვებით ჩეხმა 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და პირველად მოხვდება WTA-ის რეიტინგის TOP 10-ში.