ჩოგბურთი | სტენ ვავრინკამ პროფესიული კარიერა დაასრულა #1TVSPORT

12:15, 28.10.2026

მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, 41 წლის შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ 24-წლიანი პროფესიული კარიერა დაასრულა.

დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებულმა უკანასკნელი შეხვედრა სამშობლოში, ბაზელის ATP 500-ის ტურნირზე ჩაატარა. ვავრინკა პირველ წრეში ჩეხ ირჟი ლეჰეჩკასთან ორ სეტში, 5:7, 6:7 (2:7) დამარცხდა და მაყურებელს ემოციურად დაემშვიდობა.

შვეიცარიელმა კარიერის განმავლობაში ATP-ის 16 ტიტული მოიპოვა, მათ შორის სამი დიდი სლემის ტურნირზე. 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა, 2015 წელს როლან გაროსის, ხოლო 2016 წელს აშშ-ის ღია პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია.

ვავრინკამ 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე როჯერ ფედერერთან ერთად წყვილთა თანრიგში ოქროს მედალი მოიპოვა, 2014 წელს კი შვეიცარიის ნაკრებთან ერთად დევისის თასის გამარჯვებული გახდა.

გამოცდილმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო შედეგს 2014 წელს მიაღწია, როდესაც მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი