ჩოგბურთი | ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალშია
ჩოგბურთი | ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალშია

მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. მან ძალიან იოლად მოახერხა მეოთხედფინალში ფრანგი ჟერემი შარდის დამარცხება.

ბასილაშვილისთვის შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო – მეტოქის პირველივე მოწოდებაზე ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ერთი კრიტიკული მომენტი ქართველს 3:1-ზე საკუთარ მოწოდებაზე ჰქონდა, როცა სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. თუმცა, შარდიმ ვერ შეძლო უკუბრეიკის შესრულება, მერვე გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და პირველ პარტიაში განადგურდა – 2:6.

მეორე სეტის სტარტზევე შარდიმ შეძლო პირველი ბრეიკის შესრულება, მაგრამ მომდევნო გეიმში ბასილაშვილმა უკუბრეიკი აიღო. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები კარგა ხანი იოლად იღებდნენ საკუთარ გეიმებს. სიტუაცია მერვე გეიმში შეიცვალა, როცა ნიკამ ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც თან დაფარული მატჩბოლი იყო. ქართველმა ეს შანსი გამოიყენა და შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა – 6:2, 6:3. შეხვედრა სულ რაღაც საათი და ექვსი წუთი გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო და შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა.

ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში მეორე განთესილ გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და სერბ ფილიპ კრაინოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.