ჩხვიმიანი ანტალიის გრანდ სლემზე ოქროს მედლისთვის, პაპინაშვილი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
თურქეთის ქალაქ ანტალიაში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც ორს – ლუხუმ ჩხვიმიანს და ჯაბა პაპინაშვილს (ორივე 60 კგ) ტურნირის ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
მესამე ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი კი 1/8-ფინალში ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასთან დამატებით დროში დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
პაპინაშვილი ფინალში გასასვლელად 60 კგ წონითი კატეგორიის რეიტინგის პირველ ნომერთან, ტაიპეის წარმომადგენელ იანგ ვეისთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
მეორე ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა კი ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს შებოჭვით სძლია და ფინალში იანგ ვეის შეხვდება.
ანტალიის გრანდ სლემზე 63 ქვეყნის 528 წარმომადგენელი ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შარშანდელმა ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.