ჩხეტიანის წარმატებული დაბრუნება - „ტორპედომ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ჩხეტიანის წარმატებული დაბრუნება - „ტორპედომ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის მორიგი მატჩი ქუთაისში გაიმართა – მეორე სათამაშო დღეს „ტორპედომ“ სატურნირო ცხრილში ახლოს მყოფ „გაგრას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა.

პირველი დღის უხვგოლიანი მატჩების (2 მატჩში 13 გოლი გავიდა) შემდეგ, „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულმა შეხვედრამ იმედები ვერ გაამართლა. ეს მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ ქუთაისელები მოედანზე კახა ჩხეტიანმა გაიყვანა, რომელიც გუნდში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

მეტოქეებმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ შექმნეს და რაც შექმნეს, იმის რეალიზებასაც ვერ ახერხებდნენ. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 88-ე წუთზე გიორგი არაბიძის შესანიშნავ თამაშს მოჰყვა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ ლევან არველაძე გაიყვანა, მან კარს ააცილა, მაგრამ ბურთს გია მანჯგალაძემ მიუსწრო და ძელს მოარტყა.

ქუთაისელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. 90+3-ე წუთზე საჯარიმო ბექა ვაჩიბერაძემ შეასრულა, ბურთის მოგერიებას „გაგრას“ საუკეთესო ბომბარდირი მათე ვაწაძე შეეცადა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და კახა ჩხეტიანის დაბრუნება წარმატებული გამოდგა. „ტორპედომ“ ორი მატჩის ჩაგდების შემდეგ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 1:0.

საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა და გუნდებმა პოზიციები გაცვალეს. „ტორპედომ“ 18 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა, „გაგრა“ (17) კი ერთი საფეხურით დაქვეითდა.

ტური ხვალ, 27 მაისს დაგეგმილი ორი მატჩით დასრულდება:

ტური 16

პარასკევი, 27 მაისი

სიონი – საბურთალო

17:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

დილა – ლოკომოტივი

20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი