თურქული ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ჩინური მსხვილი კომპანიები გაიაფებული თურქული აქტივების შესყიდვით დაინტერესდნენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის სანდო წყაროს მიხედვით, ჩინურ და თურქულ კომპანიებს შორის შეხვედრები მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო, როდესაც თურქული ეროვნული ვალუტა ლირა კრიზისის პიკურ ფაზაში შევიდა.
წლის დასაწყისიდან ლირა საშუალოდ 40 პროცენტით გაუფასურდა. მიზეზად ანალიტიკოსები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მონეტარული პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობას და აშშ-სთან პოლიტიკურ განხეთქილებას ასახელებენ. არსებული კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას ინვესტორები უახლოეს მომავალში ვერ ხედავენ. შესაბამისად, თურქულ აქტივებზე ფასები დაეცა. ყველაზე დიდი დარტყმა ენერგეტიკულ სექტორს მიადგა, რადგან ამ ინდუსტრიას სესხების უმეტესი ნაწილი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, შემოსავალს კი, ლირაში იღებენ.
კრიზისის მიუხედავად, თურქეთის 80 მილიონიანი ბაზარი ინვესტორებისათვის მიმზიდველად გამოიყურება, რადგან ამ ქვეყანას დემოგრაფიული თვალსაზრისით კარგი მდგომარეობა აქვს – თურქეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს, რაც სამომხმარებლო სექტორით დაინტერესებული ბიზნესისთვის ძალიან მომხიბვლელია.
წლის დასაწყისში, როდესაც ლირამ მკვეთრი ვარდნა დაიწყო, ჩინურმა Alibaba-მ თურქული ონლაინ-გაყიდვების ბაზრის ლიდერი კომპანია Trendyol-ი შეიძინა. ამჟამად კი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ჩინურ კორპორაციებთანაც, მათ შორის ჩინეთის სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერთან, China Life Insurance-თან და სამრეწველო-კომერციულ კონგლომერატ China Merchants Group-თან. ორივე კომპანიაში საკონტროლო პაკეტებს სახელმწიფო ფლობს. არცერთი აღნიშნული ჩინური კომპანია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
Reuters-ის წყაროს მიხედვით, ჩინური კომპანიები პრაქტიკულად ყველა სექტორის მიმართ იჩენენ ინტერესს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წიაღისეულის მოპოვება, ენერგეტიკა, საცალო ვაჭრობა და დაზღვევა. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ოთხმა ჩინურმა კომპანიამ თურქეთში 20 შეხვედრა გამართა და ამ შეხვედრების ორგანიზატორები აშშ-ის წმაყვანი საინვესტიციო ბანკები იყვნენ.
ჩინეთმა თურქეთის მიმართ ინტერესი პირველად პეკინის მიერ ინიცირებული გრანდიოზული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტის, „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფარგლებში გამოიჩინა. ამ პროექტით ჩინეთი ისტორიული აბრეშუმის გზის გაფართოებას გეგმავს და 60-ზე მეტ ქვეყანას სატრანსპორტო- სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფინანსურად დაეხმარება.