ჩინეთში, სინძიანის რეგიონში კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული ლოქდაუნის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ჩინეთში, სინძიანის რეგიონში კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული ლოქდაუნის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინძიანის რეგიონში კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული ლოქდაუნის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ქალაქ ურუმჩიში შეკრებილი დემონსტრანტები ლოქდაუნის დასრულებას ითხოვდნენ და ჩინეთის ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ, რომლის ტექსტში არის ფრაზა: „ადექით, ვისაც არ სურს, იყოს მონა!“

მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობაში ხანძარს მოჰყვა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ვარაუდით, კორპუსის მოსახლეობამ შენობის დროულად დატოვება იმის გამო ვერ შეძლო, რომ ის ნაწილობრივ ჩაკეტილი იყო. ხელისუფლება უარყოფს, რომ ქალაქში მოქმედმა ლოქდაუნმა ევაკუაცია და სამაშველო ოპერაცია შეაფერხა, თუმცა ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება.

ჩინეთის ხელისუფლებამ სინძიანის რეგიონში ყველაზე მკაცრი კარანტინი დააწესა. ურუმჩიში, რომლის მოსახლეობა 4 მილიონ ადამიანს შეადგენს, ლოქდაუნი უკვე 100 დღეა, გრძელდება. მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა ეკრძალებათ. ქალაქში ბოლო დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევა გამოვლინდა.

სინძიანის რეგიონში 10 მილიონზე მეტი უიღური ცხოვრობს, რომელთა უფლებების შელახვაში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნები ჩინეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ჩინეთი მუსლიმი ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევას უარყოფს.