ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა
ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმს 26-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.
აღლუმს დაესწრო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც. აღლუმში ათიათასობით სამხედრო პირი მონაწილეობდა, ასევე წარმოდგენილი იყო უახლესი შეიარაღება, მათ შორის ასობით თვითმფრინავი, ტანკი, ლაზერული იარაღი, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და გიგანტური წყალქვეშა დრონები.
აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ დღეს კაცობრიობა ისევ არჩევანის წინაშეა – მშვიდობა თუ ომი, ჩინელი ხალხი კი მყარად დგას კაცობრიობის ცივილიზაციის პროგრესისა და მშვიდობიანი განვითარების გზაზე. მისივე თქმით, ჩინელი ერის აღორძინებას ვერაფერი შეაჩერებს.
ამასთან, დღეს დაგეგმილია ლიდერების ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურს შორის.