ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 6 000-ს აღწევს. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს. როგორც მთავრობის წევრები აცხადებენ, ვირუსით გავრცელების პიკი კიდევ 10 დღე გაგრძელდება.

სხვადასხვა ქვეყანამ ჩინეთის ქალაქ უხანიდან, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. მათ შორის იაპონიის ორასი მოქალაქეა. ისინი უკვე ტოკიოში იმყოფებიან. ქალაქი უხანი დატოვეს აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლებმა და მოქალაქეთა ნაწილმაც. ასევე, დიდი ბრიტანეთის 200-მა მოქალაქემ. მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადება ევროკავშირიც.

საშიში ვირუსის კიდევ სამი შემთხვევა დააფიქსირეს გერმანიაში. ინფიცირებულები ერთი კომპანიის თანამშრომლები არიან. ამ შემთხვევაში, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დიდმა ბრიტანეთმა მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.

ჰონგ-კონგმა კი, საზღვარზე შეზღუდვების დაწესება დააანონსა.

ჩინეთში უახლოეს ხანში ჩავლენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც ვირუსს შეისწავლიან და საერთაშორისო რეაგირების ფორმებზე იმსჯელებენ.