ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება
ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება. ამჟამად დაინფიცირებულთა შორის არიან მედიცინის მუშაკებიც.
ახალი კორონავირუსით უკვე 200-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ახალი შემთხვევების შესახებ განაცხადეს შანხაისა და პეკინში.
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებას ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიაქციოს ყურადღება და უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვირუსთან საბრძოლველად შეძლებისდაგვარად ყველა ზომა იქნას მიღებული.
პარალელურად, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის გლობალური ინფექციური დაავადებების ანალიზის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 იანვრისთვის ქალაქ უხანში მსგავსი სიმპტომით 1723 სავარაუდო შემთხვევა იყო გამოვლენილი. ჩინეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ჩინეთის გარდა, ახალი ვირუსის შემთხვევები აღინიშნა იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.