სააგენტო „სინხუა“ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე წერს – „საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია“

10:00, 09.11.2026

საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ევრაზიაში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც პეკინმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, – ამის შესახებ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ხან ჭენგმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ხან ჭენგმა მიხეილ ყაველაშვილს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა.

სააგენტოს მიხედვით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის პრინციპებზე ვითარდება.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანამ ორმხრივ თანამშრომლობას ახალი იმპულსი შესძინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ხან ჭენგმა ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე, სატრანსპორტო კავშირების განვითარებასა და განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში 6-8 ნოემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესწრეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი