ჩინეთის სიჩუანის პროვინციასა და აჭარის ავტონომიურ რესბუპლიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჩინეთის სიჩუანის პროვინციასა და აჭარის ავტონომიურ რესბუპლიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და სიჩუანის გუბერნატორმა, ჰუან ციანმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა მხარეებს შორის შეხვედრა, სადაც მათ ისაუბრეს საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

ჰუან ციანმა მინისტრს გააცნო სიჩუანის რეგიონი და მისი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მწვანე ენერგიის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურისტული პოტენციალის და ა.შ. მან გამოთქვა მზადყოფნა, სიჩუანში უმასპინძლოს მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოდან, რათა შედგეს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ჩინეთისა და საქართველოს ცალკეულ მხარეებს შორის.

თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა გუბერტნატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ხაზი გაესვა, საქართველოს გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ მდებარეობას, მის მნიშვნელობას შუა დერეფნისა და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. აღინიშნა ტურისტული პოტენციალი, რომელიც საქართველოსთვის მზარდია და გამოითქვა მზადყოფნა, განვითარდეს თანამშრომლობა ჩინეთთან და მის ცალკეულ პროვინციებთან, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგის მიზნით. ცალკე აღინიშნა აჭარის რეგიონისა და მისი სექტორული უპირატესობების შესახებ. მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა აჭარის რეგიონის სექტორული მიმართულებები. ხაზი გაესვა ავტონომიური რესპუბლიკის მზარდ ტურისტულ პოტენციალს, რეგიონის ბიზნესშესაძლებლობებს და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობას.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის დაწყებას და აღნიშნეს, რომ ამიერიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა იხსნება, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა აამოქმედონ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.