ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია, – ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დელეგაციას იუსტიციის სახლის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად დანერგილ მექანიზმებზე.
„დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე სტუმრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა მიაწოდა. ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა. დელეგაცია, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს, საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით იმყოფება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.