ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ისრაელის მიერ ღაზაში სამხედრო ოპერაციების ესკალაციას
ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ღაზაში სამხედრო ოპერაციების ესკალაციას – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, პეკინი გმობს ყველა ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეებს და არღვევს საერთაშორისო სამართალს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, მიაღწიოს ცეცხლის ყოვლისმომცველ და საბოლოო შეწყვეტას შეძლებისდაგვარად სწრაფად და აღკვეთოს ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისი. ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესაბამისი მხარე პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობას და დაიცავს სამართლიან პოზიციას და პასუხისმგებლიან მიდგომას“, – განაცხადა ლინ ძიანმა.