ჩინეთის საგარეო უწყება – მტკიცედ ვუჭერთ მხარს კუბას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაში, სანქციების, ბლოკადებისა და გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება გარემოებები
ჩინეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს კუბას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაში, სანქციების, ბლოკადებისა და გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ პეკინში კუბელ კოლეგასთან, ბრუნო როდრიგეს პარილასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო საუკუნის განმავლობაში უპრეცედენტო ცვლილებების წინაშე დგას და როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, ჩინეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს კუბას მისი ეროვნული სუვერენიტეტის, ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვაში.
„ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს კომუნიკაცია და კოორდინაცია კუბასთან მრავალმხრივ საკითხებში, გააგრძელოს მხარდაჭერა და თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორუმებზე და ერთობლივად დაუპირისპირდეს ძალისმიერ პოლიტიკას და ცალმხრივ ქმედებებს“, – განაცხადა ვანგ იმ.
ცნობისთვის, აშშ-ის ბლოკადის გამო კუბაში მწვავე ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისია. ქვეყანაში ელექტროენერგია ხშირად ითიშება. ასევე ხშირად აღინიშნება საწვავის დეფიციტი, რადგან აშშ-ის კუბისთვის ნავთობზე ემბარგო აქვს დაწესებული. ამასთან, ვაშინგტონს ჰავანასთვის არაერთი სანქცია აქვს დაწესებული.