ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ აზიის ქვეყნებს აფრთხილებს, „არ იქცნენ ჭადრაკის ფიგურებად დიდი სახელმწიფოებისთვის“
ჩინეთი სამხრეთ აზიის ქვეყნებს აფრთხილებს, არ იქცნენ ჭადრაკის ფიგურებად დიდი სახელმწიფოებისთვის. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ინდონეზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამხრეთ აზიის ბევრი ქვეყანა ზეწოლის ქვეშ იმყოფება ამა თუ იმ მხარის მხარდაჭერის საკითხში.
„ჩვენ უნდა გამოვაცალკევოთ ეს რეგიონი გეოპოლიტიკური გათვლებისგან, მეტოქეობისას დიდი სახელმწიფოების მხრიდან ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან და იძულებისგან. ჩვენი რეგიონის მომავალი ჩვენს ხელთ უნდა იყოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი დიდი ხანია, წარმოადგენს გეოპოლიტიკური უთანხმოების არეალს დიდი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც რეგიონს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. რეგიონის ქვეყნები შიშობენ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული მეტოქეობის ცენტრში აღმოჩნდებიან. ჩინეთი მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე აცხადებს პრეტენზიას, ემყარება რა, როგორც ის უწოდებს, ისტორიულ რუკებს, რეგიონის ქვეყნები კი მიიჩნევენ, რომ ჩინეთის პრეტენზიები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.
აღსანიშნავია, რომ წინა დღეს ვანგ იმ „დიდი ოცეულის“ მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან. ვანგ ის თქმით, ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ორივე მხარემ უნდა განიხილოს პოზიტიური ურთიერთქმედების წესების დამყარება და ერთობლივად დაუჭირონ მხარი რეგიონალიზმს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
„ძირითადი ელემენტები არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ცენტრალური როლის მხარდაჭერა, არსებული რეგიონალური კორპორაციების სტრუქტურების დაცვა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთმანეთის ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების პატივისცემა და არა ანტაგონიზმისკენ სწრაფვა ან მეორე მხარის შეკავება“, – განაცხადა ვანგ იმ.