ჩინეთის ქალაქ უხანიდან ევაკუირებული რუსეთის მოქალაქეები საკარანტინო პერიოდს ტიუმენში გაატარებენ

22:50, 04.02.2020

ჩინეთის ქალაქ უხანიდან ევაკუირებულ რუსეთის მოქალაქეებს ტიუმენში ჩაიყვანენ, სადაც მათ საკარანტინო პერიოდის გატარება სარეაბილიტაციო ცენტრში მოუწევთ.

ჩინეთიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76-ი“ გაგზავნეს. სულ ჩინეთიდან 147 ადამიანის ევაკუაციის მიზნით, გამოყოფილია ხუთი საჰაერო ხომალდი.

რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, ჩინეთს ბელარუსის 10, ყაზახეთის სამი, უკრაინის ერთი და სომხეთის ერთი მოქალაქე დატოვებენ.

როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, ევაკუირებულები ტიუმენის ოლქში 14 დღე დარჩებიან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 400-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ტიუმენის ოლქში, ხოლო მეორე იმიერბაიკალეთის მხარეში.

მსგავსი