ჩინეთის მთავრობის მრჩეველი უხანის ხელმძღვანელობას კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს
ჩინეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი ჩჟუნ ნანშანი უხანის ხელმძღვანელობას კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია „სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიის კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას პირველ ეტაპზე სიმართლის თქმა არ სურდა.
ჩჟუნ ნანშანის განცხადებით, საეჭვო იყო ფაქტი, რომ 10 დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევები 41-ზე რჩებოდა.
„საწყის ეტაპზე ისინი დუმილს ინარჩუნებდნენ და შემდეგ მე ვთქვი, რომ შესაძლოა, ჩვენ გვყავს უფრო დიდი რაოდენობის ინფიცირებული. მე არ დავიჯერე ეს შედეგები. ისევ ვეკითხებოდი შედეგებზე. ვფიქრობ, რომ მათ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის ხალისი არ ჰქონდათ“, – თქვა ჩინეთის მთავრობის მრჩეველმა.
საწყისი აფეთქების გამოკვლევის მიზნით, ჩჟუნ ნანშანი უხანში 18 იანვარს ჩავიდა. ჩინეთის მთავრობის მრჩევლის თქმით, უხანში ჩასვლისას მიიღო ბევრი ზარი ექიმებისგან და ყოფილი სტუდენტებისგან, რომლებიც აფრთხილებდნენ, რომ სიტუაცია იყო ბევრად რთული, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებში იყო მოცემული.
20 იანვარს ჩჟუნ ნანშანმა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, „სისიტივის“ ეთერში თქვა, რომ კორონავირუსი შესაძლოა, ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა. 20 იანვარსვე ნანშანმა განაცხადა, რომ უხანში უკვე 198 დადასტურებული შემთხვევა, სამი გარდაცვლილი და 13 ინფიცირებული ექიმი იყო. ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანთან შეხვედრაზე მთავრობის მრჩეველმა უხანის ჩაკეტვის რეკომენდაცია გასცა. ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობამ უხანი 23 იანვარს ჩაკეტა.
ამასთან, ჩინელი ეპიდემიოლოგი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში წარმოიშვა.