ჩინეთის ორი მოქალაქე თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს
ჩინეთის ორი მოქალაქე თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს

ჩინეთის მოქალაქე ორმა არასრულწლოვანმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდნენ.

ექიმები ოჯახს მცირეწლოვნების კიდევ რამდენიმე დღით სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენას ურჩევდნენ, რაზეც პაციენტების მშობლებმა უარი განაცხადეს.

ორივე არასრულწლოვანს H1N1 ვირუსის დიაგნოზი ჰქონდა.

„ჩინეთის მოქალაქე ორ ბავშვს შემოყვანიდან უმოკლეს ვადაში ჩაუტარდა მკურნალობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევებით არ დაუდგინათ ფილტვების ანთება. ჩაუტარდათ ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის ვირუსოლოგიური კვლევა და შემოსვლიდან სულ რამდენიმე საათში „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინათ, შემდგომში ამის ტიპირება მოხდა და H1N1 დაუდგინდათ. ამ ბავშვებს ჰქონდათ გრიპის ჩვეულებრივი სიმპტომები; ტემპერატურის მომატება, ხველა. უტარდებოდათ შესაბამისი მკურნალობა, რაც გრიპის დროს არის საჭირო. მდგომარეობა გაუმჯობესდა და მშობლები კატეგორიულად ითხოვდნენ მათ გაწერას. სასურველი იყო, რამდენიმე დღე კიდევ დარჩენილიყვნენ, სანამ ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდნენ, მაგრამ რამდენადაც არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, უკეთესად არიან და მიღებული აქვთ რეკომენდაციები, ხელწერილის საფუძველზე ბინაზე გაეწერენ“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.