ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ორთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა
ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ორთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა

ჩინეთის ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის გვარცელების გამო, ორთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს.

პროვინციის ცენტრალურ ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შიდა გადაადგილება ნაწილობრივ განახლდა.

კერძოდ, დღეიდან მოქალაქეებს ქალაქის ფარგლებში ავტობუსით გადაადგილება შეუძლიათ. ყოველ ავტობუსში მძღოლთან ერთად იმყოფება ზედამხედველი, რომელიც უსაფრთხოების წესებს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, 28 მარტიდან უხანში მუშაობას განაახლებს მეტროს ექვსი ხაზი. მგზავრები ვალდებულები იქებია, ატარონ პირბადეები, ასევე მგზავრობამდე გაიზომონ ტემპერატურა და გაიარონ რეგისტრაცია.

ხელისუფლება რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს, კერძოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან ჯერ თავი შეიკავონ.

უხანში ტრანსპორტის გადაადგილება 23 იანვარს აიკრძალა.

უპრეცენდენტო ზომების ფარგლებში, აიკრძალა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.

მოგვიანებით ანალოგიური ზომები აამოქმედეს ხუბეის მთელ პროვინციაში.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ხუბეის პროვინციიდან სხვა პროვინციაში ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვები გახდა.

გამონაკლისს მხოლოდ ქალაქი უხანი წარმოადგენს, სადაც ჯერ მხოლოდ შიდა გადაადგილებაა დასაშვები.

ქალაქ უხანიდან გასვლის შეზუდვა კი 8 აპრილიდან მოიხსნება.