ჩინეთის ხელისუფლებამ მოზარდებს ვიდეოთამაშის დრო შეუზღუდა
ჩინეთის ხელისუფლებამ მოზარდებს ვიდეოთამაშის დრო შეუზღუდა

ჩინეთის ხელისუფლება მოზარდებს კომპიუტერული თამაშის დროს უზღუდავს. მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი წესების თანახმად, კომპიუტერული თამაშებისთვის ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება.

კერძოდ, არასრულწლოვნებს კომპიუტერული თამაში ეკრძალებათ საღამოს 10:00 საათიდან დილის რვა საათამდე. გარდა ამისა, მათ დღის განმავლობაში მხოლოდ საათნახევრის განმავლობაში შეეძლებათ თამაში, დასვენების დღეებში კი ეს დრო სამი საათი იქნება.

ახალი ზომებით ჩინეთის მთავრობა მოზარდების ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულების დაძლევას ცდილობს.
გარდა ამისა, წესდება ფინანსური შეზღუდვებიც. 8-და 16 წლის ასაკამდე ბავშვებს თვეში ვიდეოთამაშებზე შეეძლებათ დახარჯონ არა უმეტეს 200 იუანისა (29 დოლარი), 16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის კი ეს თანხა ორმაგია.

ჩინეთის მთავრობა ხშირად აკრიტიკებს ვიდეოთამაშების ინდუსტრიას, რადგან მიიჩნევს, რომ ამგვარი თამაშები მავნებელია მოზარდის ორგანიზმისთვის.

2018 წელს ჩინეთში ვიდეოთამაშების რეგულატორის თანამდებობაც კი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობად დაასახელა, თუმცა აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ დამატებით შესწავლას საჭიროებს.