ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი - 195 პაციენტს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდგინდა
ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი - 195 პაციენტს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდგინდა

ჩინეთში 195 პაციენტს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდგინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ვირუსით ხელმეორედ დაავადების შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია დაფიქსირებული.

დოკუმენტში არ არის მითითებული, რითი არის გამოწვეული ვირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევები.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 22 თებერვალს ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის შედეგად გამოჯანმრთელებული ადამიანების 14-დღიან კარანტინში მოთავსების განკარგულება გასცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქ უხანში რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის ანალიზებში ინფექცია ხელახლა აღმოაჩინეს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77 000-ს აღწევს. 2600-მდე ადამიანი დაიღუპა. ვირუსისგან მსოფლიო მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს მასშტაბით 26 ქვეყანაში კორონავირუსის 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ქუვეითში, ბაჰრეინსა და ავღანეთში.

დატოვე კომენტარი