ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი - კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც ვითარებას ართულებს
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი - კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც ვითარებას ართულებს

კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმ განაცხადა.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ახალი ვირუსის შესახებ ხელისუფლებას შეზღუდული ცოდნა აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა რისკს წარმოადგენს ვირუსის მუტაცია.

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ამასთან, ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ზომები, რაც გულისხმობს მასშტაბური ღონისძიებების გაუქმებასა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას.

ამ დრომდე ზუსტად უცნობია, თუ რა არის ვირუსის გავრცელების წყარო. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების არალეგალური ბაზრიდან გავრცელდა.

დღეს ჩინეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში, ბაზრებში, რესტორნებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე ველური ცხოველების გაყიდვა და ტრანსპორტირება აკრძალა.