ჩინეთის ელჩი - შუა დერეფნის პროექტი თუ წარმატებით განხორციელდება, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული, განსაკუთრებით, ლოგისტიკის სფეროში
ჩინეთის ელჩი - შუა დერეფნის პროექტი თუ წარმატებით განხორციელდება, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული, განსაკუთრებით, ლოგისტიკის სფეროში

უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ სულ უფრო მეტი საჭიროებაა, რომ გამოინახოს ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი გზები, რომლებიც არ გავა რუსეთზე, ამიტომ, ვფიქრობ, რომ შუა დერეფანს განვითარების ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განუცხადა.

მისი თქმით, შუა დერეფნის წარმატებისთვის აუცილებელია, მასში მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირმა და ჩინეთმა.

„ობიექტურად რომ ვთქვათ, შუა დერეფანს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ სულ უფრო მეტი საჭიროებაა, რომ გამოინახოს ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი გზები, რომლებიც არ გავა რუსეთზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ შუა დერეფანს განვითარების ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. თუმცა, ერთი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი – შუა დერეფნის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირმა და ჩინეთმა. ევროკავშირისა და ჩინეთის ჩართულობის გარეშე შუა დერეფანს ვერ ექნება საკმარისი ფუნქცია, რადგანაც ჩინეთი აზიაში არის უდიდესი ეკონომიკა, ევროკავშირი კი ევროპის უდიდესი ეკონომიკაა, ამიტომ აუცილებელია მათი მონაწილეობა ამ პროექტში, რაც სასარგებლო იქნება ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის და მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისივე თქმით, შუა დერეფნის პროექტი თუ წარმატებით განხორციელდება, ეს იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან დიდი სტიმული, განსაკუთრებით, ლოგისტიკის სფეროში და ლოგისტიკა გახდება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

„გარდა ამისა, შუა დერეფანს ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო ჩინეთის „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ ინიციატივასთან და ამიტომ შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, შუა დერეფნის პროექტის განხორციელება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება. საქართველოში სარკინიგზო და პროექტების ინფრასტრუქტურა ჯერ არ არის სათანადო დონეზე, რისთვისაც საჭიროა დიდი რაოდენობის ინვესტიცია. ჩინეთსა და საქართველოს ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ ინფრასტრუქტურული მშენებლობის მიმართულებით თანამშრომლობის მხრივ და ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს ინფრასტრუქტურის შემდგომ გაუმჯობესებაში“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.