ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს

საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეცრეისით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, ჩინეთიდან დაბრუნებულებს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმება ჩაუტარდათ.

მისივე თქმით, ჩინეთიდან დაბრუნებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან 34 ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში. მათი დაბრუნება სპეციალური თვითმფრინავის საშუალებით მოხდა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. თითოეულ მათგანს თერმო სკრინინგი და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა. ეს ადამიანები გადაიყვანეს ორკვირიან კარანტინში. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აეროპორტში შემოწმებისას არც ერთ პირს საეჭვო სიმპტომები არ დაუფიქსირდა.

„გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლოა, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. დღეს არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საჭიროდ ჩავთვალეთ, ორი კვირა კარანტინში გაატარონ შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში, რომელიმე მათგანს, დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, რა თქმა უნდა, მაშინ მათი გადაყვანა მოხდება უკვე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.ე