ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერა
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერა

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქიდან, რომლებიც საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, ერთი უკვე გაეწერა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კლინიკური ნიშნები კი დამაკმაყოფილებელი იყო და ამიტომ ის ბინაზე გაეწერა.

„ჩვენს ცენტრში მოთავსდა ორი პაციენტი. 26 წლის ქალთან, რომელიც ბურჯიანის პროვინციიდან ჩამოვიდა, უკვე დამთავრდა კვლევები. ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა ტესტი ახალ კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს კლინიკა დატოვა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, როგორც ეზუგბაია ამბობს, მისი გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„მეორე პაციენტი იანგჭოდან არის ჩამოსული, 19 წლის მამაკაცია. ეს პაციენტიც იქ გახდა ცუდად და იქვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და იქვე, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი პასუხი. აქ ჩამოვიდა 9 თებერვალს და აეროპორტში ერთჯერადად დაუფიქსირდა ცხელება, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გაეწერა ბინაზე დაკვირვების ქვეშ. მეორე დღიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში 37,3 ჰქონდა ტემპერატურა და ამის გამო, გუშინ მოთავსდა ჩვენს ცენტრში. წინასწარი კვლევებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. დღეს დილით ლუგარის ლაბორატორიამ აიღო ცხვირ-ხახის ნიმუშები და ჩატარდება ტესტი ახალ კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევრისთვის პასუხი გვეცოდინება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

30 იანვრიდან დღემდე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო სულ 15 პაციენტი იმყოფებოდა. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი კლინიკიდან მალევე გაეწერენ. ამ დროისთვის კლინიკის იზოლირებულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი, 19 წლის პაციენტი რჩება, იმ შემთხვევაში თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს, დღის ბოლოს დატოვებს.

დატოვე კომენტარი