ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი - პეკინი აშშ-ის ტარიფებს აუცილებლად უპასუხებს
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი - პეკინი აშშ-ის ტარიფებს აუცილებლად უპასუხებს

ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო მუქარას სერიოზულად აღიქვამს და სიტყვას იძლევა, რომ თუ აშშ ახალ ტარიფებს აამოქმედებს, ოფიციალური პეკინი აუცილებლად შესაბამისად უპასუხებს. პეკინი ვაშინგტონს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა ჩინეთთან არ გაუვა.

„ჩინეთი სრულ მზადყოფნაშია და აუცილებლად მიმართავს საპასუხო ქმედებებს, რათა დაიცვას საკუთარი ერის ღირსება და საკუთარი ხალხის ინტერესები, დაიცვას თავისუფალი ვაჭრობა და მრავალმხრივი სისტემა, ასევე დაიცვას ყველა ქვეყნის საერთო ინტერესები. მათრახისა და თაფლაკვერის ტაქტიკა არ იმუშავებს“,- განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა დღეს.

მინისტრის განცხადება პასუხია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივაზე, რომელმაც შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს სთხოვა, 200 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინური იმპორტის 25 პროცენტიანი ტარიფებით დაბეგვრაზე იფიქროს.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო დაძაბულობა ძირითადად იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესებით მიმდინარეობს. აშშ-მა 34 მილიარდი დოლარის ჩინურ იმპორტს ახალი ტარიფები დაუწესა და მოუწოდა, რომ ბაზრები გახსნას და საბაზრო კონკურენციას შეუწყოს ხელი.

თეთრმა სახლმა დაიმუქრა, რომ თუ ჩინეთი ვაშინგტონის მოთხოვნას არ შეასრულებდა და ამის ნაცვლად ახალი გადასახადით უპასუხებდა, ის კიდევ 200 მილიარდი დოლარის ჩინურ იმპორტს დაბეგრავდა 10 პროცენტით.

ჩინეთმა პასუხად 34 მილიარდი დოლარის ამერიკული იმპორტი ახალი ტარიფით დაბეგრა.

გუშინ ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს მოუწოდა, რომ 200 მილიარდი დოლარის ჩინური იმპორტის 10 კი არა 25 პროცენტით დაბეგვრის საკითხი განიხილოს.

ინვესტორები ღელავენ, რომ ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო დაძაბულობა გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, მსოფლიო ბირჟები ტრამპის ახალი განცხადების შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა. ამერიკული წამყვანი ინდექსი Dow Jones Industrial Average-ი 150 პუნქტით დაეცა. ვარდნა განიცადეს აზიურმა და ევროპულმა საფონდო ბირჟებმაც. აზიური შანხაის ბირჟის ინდექსი 2 პროცენტით, ხოლო იაპონური Nikkei 225 1.03 პროცენტით გაუფასურდა.

ევროპის წამყვანი ინდექსი Stoxx 600-ი თითქმის ერთი პროცენტით დავარდა.