China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტი – შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას
ჩინეთის ავიახაზებმა დღეს პირველი ფრენა განახორციელა და წარმატებით დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ მოვლენას ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, – ამის შესახებ China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ხე სიაოცუნმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც შანხაიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.
მისი თქმით, დღევანდელი რეისის წარმატებით შესრულება ჩინეთსა და კავკასიის რეგიონს შორის ახალი, მაღალხარისხიანი ფრენების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.
„ეს ხელს შეუწყობს ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას, შექმნის უფრო კომფორტულ პლატფორმას. შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ახალ ძალებს შეჰმატებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და ბიზნესცენტრია, ასევე მსოფლიოს ბიზნესჰაბი, საქართველო კი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია.
ამგვარად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაიცნოს შანხაის უპირატესობები და ბიზნესშესაძლებლობები. China Eastern Airlines-ს აქვს დიდი სურვილი, აქტიური როლი შეასრულოს ამ მიმართულებით – ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას, ბიზნესპარტნიორობის გაღრმავებას და იქცეს ერთგვარ მეგობრობის ხიდად ჩინეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ხე სიაოცუნმა.
საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შემოვიდა და, ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.