ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა
ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა. ჩილეს მთავრობის ინფორმაციით, ევაკუირებულია ათასზე მეტი ადამიანი, 979 პირი კი დაშავებულია.

ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთით სამ რეგიონში – არაუკანიაში, ბიობიოსა და ნუბლეში აქვს გამოცხადებული. აღნიშნულ რეგიონებში მდებარეობს მრავალი მსხვილი ფერმა, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები ექსპორტზე გააქვთ, ასევე ტყის ფართო მასივები.

ხელისუფლების მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად დამწვარია 40 ათასი ჰექტარის ფართობის ტერიტორია.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ განაცხადა, მეტეოროლოგიური პირობები ხანძრის ქრობის ოპერაციას აფერხებს და სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.

საგანგებო სამსახურები ქვეყნის ფარგლებში ცეცხლის ასობით კერას ებრძვიან. ჩილეს დახმარება შესთავაზეს ესპანეთმა, აშშ-მა, არგენტინამ, ეკვადორმა, ბრაზილიამ და ვენესუელამ, მათ შორის თვითმფრინავებითა და მეხანძრეებით.