„ჩიხურაში“ დაძაბულობაა - 14 ფეხბურთელის გაშვებაზე კლუბი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს #1TVSPORT
საჩხერის „ჩიხურამ“ 14 ფეხბურთელი გაუშვა, რაც გუნდსა და მოთამაშეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
გაშვებული ფეხბურთელების ცნობით, კლუბის გადაწყვეტილება მათ პოლიციაში აცნობეს, რადგან გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას ედავება. ამან ფეხბურთელების აღშფოთება გამოიწვია და დღეს ზუგდიდის „დინამოსთან“ მატჩის დროს ივანწმინდას სტადიონზე მივიდნენ, მაგრამ პოლიციამ ფეხბურთელები სტადიონზე არ შეუშვა.
„ჩიხურას“ მენეჯერის, თორნიკე შალამბერიძის განცხადებით, მიზეზი სულ სხვა რამ გახდა – მოთამაშეები ფინანსური კრიზისის გამო გაუშვეს და ზოგიერთ მათგანთან კლუბი შეთანხმდა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის საფასურად სამი თვის ხელფასს მიიღებენ. საჩხერეს „ჩიხურაში“ საქართველოს პირველ არხს უთხრეს, რომ მალე მომხდართან დაკავშირებით კლუბი საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.
„ჩიხურა“ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, მაგრამ 2020 წელს კლუბი მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დატოვა და საჩხერელები ეროვნულ ლიგა2-ში დაქვეითდნენ. მიმდინარე სეზონში ლიგა2-ში გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და ხუთი ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.