ჩიკაგოში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქციაზე 108 პირი დააკავეს
ჩიკაგოში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქციაზე 108 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩიკაგოში საპროტესტო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, რომლებიც აქციას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მართავდნენ.

წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილ 108 პირს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით ბრალს წაუყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს. ჩიკაგოს პოლიციის უფროსის, დევიდ ბრაუნის განცხადებით, აქციაზე ათამდე სამართალდამცველი დაშავდა.

46 წლის ფერადკანიანი მამაკაცი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება. აქცია გუშინ თეთრ სახლთანაც გაიმართა.