ჩიკაგოს პოლიცია სამართალდამცველის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერს ავრცელებს
ჩიკაგოს პოლიცია სამართალდამცველის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

ჩიკაგოს პოლიციამ სამკერდე ვიდეოკამერით გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ესვრის პოლიციის ოფიცერი 13 წლის ბიჭს. შემთხვევა ჩიკაგოში 29 მარტს მოხდა.

ჩანაწერში ისმის, რომ დევნის შემდეგ, ცეცხლის გახსნამდე პოლიციელი ხელებაწეულ მოზარდს უყვირის: „დააგდე“. ჩიკაგოს პოლიციის განცხადებით, 13 წლის ადამ ტოლედოს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

მოკლული მოზარდის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციელის მიერ ცეცხლის გახსნის მომენტში ბიჭს იარაღი არ ჰქონია, თუმცა მისი თქმით, ის 100-პროცენტიანი სიზუსტით ვერ იტყვის, ჰქონდა თუ არა მოზარდს იარაღი მანამდე.

გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, დევნის დროს მოზარდი როგორ ესვრის პოლიციელს  გაურკვეველ საგანს ღობის მეორე მხარეს. სამკერდე კამერით დაფიქსირებულ კადრებში კი ჩანს, რომ ღობის მეორე მხარეს ცეცხლსასროლი იარაღი გდია.

პროკურატურის ინფორმაციით, მოზარდი 21 წლის რუბენ რომანთან ერთად იყო, რომელმაც გამვლელ მანქანას ცეცხლი გაუხსნა. სწორედ სროლის გამო მივიდა ადგილზე პოლიცია. რომანს ბრალი წაუყენეს დამამძიმებელ გარემოებებში იარაღის უკანონო გამოყენებასა და ბავშვებისთვის საფრთხის შექმნაში.

ვიდეოკადრების გავრცელებამდე, ჩიკაგოს მერმა, ლორი ლაითფუტმა განაცხადა, რომ ვიდეო რთული საყურებელია.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელიც ტრავმირებულია ძალადობისა და პოლიციის არამართლზომიერი ქმედებების ხანგრძლივი ისტორიით. მართალია, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ვიყოთ მოსამართლეები და მსაჯულები ამ კონკრეტულ სიტუაციაში, მაინც გასაგებია, რატომ გრძნობენ ჩვენი მცხოვრებლები აღშფოთებასა და ტკივილს“, – განაცხადა ჩიკაგოს მერმა.

ჩიკაგოს მერი, ასევე მოკლული მოზარდის, ადამ ტოლედოს ოჯახი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ მედიიდან შევიტყეთ, რომ დღეს ახალი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ღონისძიებების შესახებ პირდაპირი ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის, რომ ხალხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, რათა ადამის ხსოვნას პატივი მივაგოთ და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ რეფორმებზე“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.