ჩიკაგოს მერის განკარგულებით, ქალაქში აშშ-ის ეროვნული გვარდიის განთავსების შემთხვევაში ჩიკაგოელი სამართალდამცველები მათთან არ ითანამშრომლებენ
ჩიკაგოს მერმა, ბრენდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ქალაქში აშშ-ის ეროვნული გვარდიის განთავსების შემთხვევაში ჩიკაგოელი სამართალდამცველები არ ითანამშრომლებენ მათთან.
მერმა მკაფიო განკარგულებები მისცა სამართალდამცველებს, რომ განაგრძონ კანონების დაცვა, თუმცა მონაწილეობა არ მიიღონ პატრულირებაში, დაკავებებში ან სხვა სახის მოქმედებებში ეროვნულ გვარდიასთან ერთად. მან ასევე მოუწოდა სამართალდამცველებს, ატარონ მხოლოდ ჩიკაგოს პოლიციის ფორმა და თავი შეიკავონ ნიღბების გამოყენებისგან.
მერს მიაჩნია, რომ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ქალაქში ფედერალური შეიარაღებული ძალების განთავსება არღვევს დემოკრატიულ ნორმებს და ქალაქის სუვერენიტეტს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ასეთსავე ზომებს მიმართავს ნიუ იორკსა და სხვა დიდ ქალაქებშიც, სადაც კრიმინალის დონე მაღალია. აღნიშნულ განცხადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.