ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებული სპორტსმენის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატთან ერთად დგანან. დღეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველ არხთან კომენტარი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ გააკეთა.
„ის არის ჩვენი მეგობარი, ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. მივდივართ, მოვდივართ, ერთმანეთთან არ ჩავიდეთ მაშინ არც ერთ შეჯიბრზე? მონაწილეობა არ მივიღოთ? მსოფლიო ჩემპიონი რო გახდა პეტრიაშვილი ხომ კაი ბიჭია? მაისური ჩაიცვა და ცუდი ბიჭია? დიდი ბოდიშის მოხდით, არავის საქმე არ არის ჩვენი ბიჭები ვის მაისურს ჩაიცმევენ. მთავარი ჩვენთვის რა არის – შედეგი, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ. ჩვენი ფედერაცია და ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მე არ მახსოვს ასეთი აჟიოტაჟი ჟურნალისტების მხრიდან, როდესაც ჩვენი ბიჭები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მე მინდა მათ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადოთ. ტურნირებზე მსგავსი რამ ხშირად ხდება, იბეჭდება მაისურები წარმატებული სპორტსმენების გამოსახულებით და მთელი ევროპა პეტრიაშვილის და ხინჩეგაშვილის გამოსახულებიანი მაისურით დადის. ამ შემთხვევაშიც ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებული სპორტსმენის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია,“ – განაცხადა გეგეშიძემ.
ფოტო, რომელზეც საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატთან, ჯამბულატ თედეევთან ერთად არიან, სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. პირველ არხთან საუბრისას გიორგი იანტბელიძემ განაცხადა, რომ ფოტო სამი თვის წინ არის გადაღებული და პოლიტიკასთან კავშირში არ არის.