ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისთვის ბრალის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისთვის ბრალის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ბრალს ოფიციალურად ამ წუთებში უყენებენ. გეგეშიძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა დიღმის მთავარ სამმართველოში უკვე მივიდა.

როგორც სამმართველოში შესვლამდე ადვოკატმა განაცხადა, დაკავებულის პოზიციას საქმესთან დაკავშირებით ბრალის წარდგენის შემდეგ გაიგებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ, ვინაიდან თითოეული მხარე ამ საქმისა არის ერთი ოჯახის წევრი. არც ერთი ადამიანი არ არის ამ საქმეში მონაწილე ერთმანეთისთვის უცხო.

ძალიან სამწუხაროა, რომ გეგეშიძე გამოიყვანეს კაციჭამია მოძალადედ. არავინ საუბრობს მის დამსახურებებზე,რაც მას გააჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება იქნება ობიექტური.

იმედს ვიტოვებ, რომ მასმედია არ გააშუქებს შექმნილ ვითარებას ცალმხრივად. ის კადრები, რომელიც ვრცელდება, არის მხოლოდ ცალმხრივი. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ თავად გეგეშიძესაც გააჩნია დაზიანებები. მას აქ ხუთი ნაკერი. არსებობს საავადმყოფოს ფურცელი. თავად შემთხვევის ადგილზე მას ექიმმა აღმოუჩინა დახმარება.

ბრალის შესახებ დადგენილება ჩემთვის ცნობილი არ არის შესაბამისად, არ ვიცი რა პოზიცია ექნება მას“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გეგა გეგეშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.