ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

საგამოძიებო უწყებამ გეგეშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა. ბრალის ფორმომულირებას ვერ განგიმარტავთ, ვინაიდან ეს არის ბრალდებულის ექსკლუზიური უფლება თავად ისაუბროს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოზე ამ საკითხებთან დაკავშირებით თავად ისაუბრებს.

ძალიან წუხს, რომ ფედერაციის იმიჯი ილახება. მთავარი მისთვის არის ის, რომ ნაკრები იყოს მზადყოფნაში იმისთვის, რომ სახელმწიფოს მოუტანოს ბევრი წარმატება, გამარჯვებები. 126-ე მუხლზე არის საუბარი. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

დაცვის მხარეს მტკიცებულებები ხვალ გაეცნობა ბრალდების მხარეს. პოზიცია ვინაიდან ხმამაღლა არ არის გაჟღერებული, თავს შევიკავებ მისი გაჟღერებისგან . თუმცა, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია გარკვეული მტკიცებულებები, რომელსაც ხვალ წარვადგენთ სასამართლოში“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გეგა გეგეშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.