ჭიდაობა | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ნიუ იორკში ექვსი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრები (მწვრთნელები ვანო ყვარელაშვილი და მალხაზ ჯორბენაძე) ნიუ იორკში გამართული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირიდან ექვსი მედლით დაბრუნდა. შეჯიბრება 19-წლამდელთა შორის გაიმართა და ქართველ ჭაბუკებს თავისზე უფროსებთან მოუხდათ ბრძოლა.
სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მათე ცინაძემ (54 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო თენგო ბარბაქაძე (65 კგ), ნოდარ თევზაძე (75 კგ), ლევან გოგიაშვილი (80 კგ) და ვაჩე აბრამიშვილი (92 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ტურნირში მონაწილეობა ათი ქვეყნის ნაკრებმა მიიღო, ამერიკის შეერთებული შტატები კი სამასამდე სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
შეჯიბრების დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა ოკლაჰომაში, ბროქენ ეროუს კლუბთან ერთად, ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა.