ჭიათურის სოფელ ითხვისში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 18 პირი შეიყვანეს. მათგან ათი ჭიათურის სოფელ ითხვისის მკვიდრია. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, აღნიშნულ სოფელში შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს.
ამ დროისთვის სოფელში ვირუსი 21 ადამიანს უფიქსირდება, 29 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილ პირებს, საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინფიცირებულებს შორის არიან ხანდაზმულები, მათ შორის ერთი 100 წელს გადაცილებულია.